შინაარსზე გადასვლა

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობა კახეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 10 275 ჰა
დაარსდა 1961 წ.
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალისახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10 275 ჰექტარია.[1] ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს მდინარეების: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებისა და ჭანჭახოვნის ხეობებს, კერძოდ, თუშეთის (გომეწრის) ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდობის უმეტეს ნაწილს – დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს, პირიქითის ალაზნის ქვემო დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს, ჭანჭახოვნის ხეობის მარჯვენა ფერდობს ნახიდურის ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილიდან ჭალას ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილამდე. ნაკრძალი მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთის და ხისოს მიმდებარე ტყიანი მასივების ნაწილებს, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნების შეერთების ადგილიდან რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე მდინარის მარჯვენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს.[1]

ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მეტად სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი — მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შავარდენი, მთის არწივი და სხვ.

ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]